вторник, 19 ноября 2013 г.
მარშრუტი - „ფიტარეთის მონასტერი“
მარშრუტი - „ფიტარეთის მონასტერი“
დასაწყისი | ქ. თეთრიწყარო |
დასასრული | სამღერეთი |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 1 დღე |
მოძრაობის საშუალება | მანქანით და ფეხით |
მარშრუტის მიმართულება | თეთრიწყარო - ალექსეევკა - ფიტარეთი - ხულუტი - ჭივჭავი - დმანისი - სამღერეთი - თეთრიწყარო |
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება თეთრიწყაროდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ დაიქირავოთ თეთრიწყაროს ავტოსადგურში.
პირველი სანახავი ობიექტია ჭივჭავას მენჰირი, რომელიც მდებარეობს თეთრიწყარო-ალექსეევკის გზაზე, თეთრიწყაროდან 6 კმ-ის დაშორებით. მენჰირი მეგალითური ნაგებობების ერთ-ერთი სახეობაა და წარმართული რელიგიის ძეგლს განეკუთვნება. ჭივჭავას მენჰირი გზის პირას არის აღმართული, მიწიდან 2 მ-მდე.
მარშრუტზე სანახავ ძეგლებს შორის შემდეგი სოფელ ალექსეევკის მიდამოებში მდებარე ეკლესია „დრიანეთია“. სოფელი ალექსეევკა თეთრიწყაროდან 13 კმ-ზე მდებარეობს. ტაძარი X-XI სს. განეკუთვნება და რაიონის მნიშვნელოვანი ძეგლების სამეულში შედის.
ალექსეევკიდან მარშრუტი ნავთიანისკენ უხვევს, გაივლის სოფლებს - ზემო და ქვემო ახალკაფა და სოფელ ფიტართისკენ მიემართება. სოფელი ფიტარეთი თეთრიწყაროდან 25 კმ-თაა დაშორებული, მის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ხრამის ხეობის მშვენება - ფიტარეთის მონასტერი, რომელიც მარშრუტის ყველაზე გამორჩეული კულტურული ძეგლია.
ფიტარეთი ბეთანია - ქვათახევის ჯგუფის ეკლესიათა ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშია. თავისუფლად გამოყვანილი ჩუქურთმების რთული ხლართები, ნახატში ჩაქსოვილი ცხოველთა და ადამიანთა ფიგურები, კედლის წყობაში გამოყენებული სხვადასხვა ფერის ქვა დახვეწილი დეკორაციულობის შთაბეჭდილებას ქმნის.
საუკუნეების განმავლობაში მრავალ მიზეზთა გამო მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, მისი რესტავრაცია მოხდა იუნესკოს მიერ გამოყოფილი სახსრებით, 1995-2007 წწ.-ში. ამჟამად მონასტერი მოქმედია.
სოფელ ფიტარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ის დაშორებით, სოფელ ტანძიისკენ (ბოლნისის რნ.-ი) მიმავალ გზაზე მდებარეობს ხულუტის ციხე.
ხულუტის ციხე-დარბაზი XVIII ს-შია აგებული და მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში მდებარეობს. ციხეში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. ამჟამად ძეგლი უმოქმედოა, მაგრამ გარეგნულად კვლავ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
თეთრიწყაროსკენ უკანა გზაზე შესაძლებელია სოფელ ჭივჭავის ახლადაშენებული მოქმედი ეკლესიის მონახულება. ეკლესიას გარს უზარმაზარი ლოდებისაგან შექმნილი გალავანი აქვს შემოვლებული, რაც მნახველზე გრანდიოზულ შთბეჭდილებას ტოვებს.
სოფელ ჭივჭავის მახლობლად მდებარეობს სოფელი დმანისი, რომელიც თეთრიწყაროდან 11 კმ-ითაა დაშორებული. სოფლის მიდამოებში მდებარეობს დარბაზული ტიპის XIV-XVIII სს.-ის ეკლესია - დმანისის „კლდის ჯვარა“.
მარშრუტის ბოლო სანახავ ობიექტს სამღერეთის არქიტექტურული კომპლექსი წარმოადგენს. მარშრუტი სოფელ იფნარისკენ უხვევს და მიემართება, სოფელ სამღერეთისკენ, რომელიც თეთრიწყაროდან 8კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
სოფლის მახლობლად (სამხრეთით 1 კმ.) არის არქიტექტურული კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის XI-XIII სს.-ის დარბაზული ეკლესია - „საბერო“ და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამრეკლო. ეკლესიის დაბლა სამხრეთ-დასავლეთით, დიდი საცხოვრებელი სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსი ყველა ნაგებობა დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.
მარშრუტი სრულდება ქ. თეთრიწყაროში.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Listera ovata; Cephalanthera longifolia; Epipogium aphyllum; Goodyera repens; Platanthera chlorantha; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Anacaptis pyramidalis; Pistacia mutica; Senecio rombifolius; Corylus iberica; Quercus macranthera; Stapilea pinnata; Ulmus glabra; Ulmus minor; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
მარშრუტი - „ხრამის ხეობის ძეგლები“
მარშრუტი - „ხრამის ხეობის ძეგლები“
დასაწყისი | ქ. თეთრიწყარო |
დასასრული | სოფ. დაღეთი |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 1 დღე |
მოძრაობის საშუალება | მანქანით და ფეხით |
მარშრუტის მიმართულება | თეთრიწყარო - პირღებული - სამშვილდე - დისველი - დაღეთი - თეთრიწყარო |
შენიშვნა | სოფ. დისველიდან შესაძლებელია ქ. ბოლნისში გადასვლა |
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება ქ. თეთრიწყაროდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ დაიქირავოთ თეთრიწყაროს ავტოსადგურში. მარშრუტზე სანახავი კულტურული ძეგლები მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობენ, მათგან ორი - პირღებულის მონასტერი და სამშვილდის ნაქალაქარი რაიონის სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლების ათეულში შედის.
პირველი სანახავი ობიექტია პირღებულის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. თეთრიწყაროს სამხრეთით 4 კმ-ზე მდებარეობს სოფელი სამშვილდე, რომლის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე, ხოლო თეთრიწყაროდან 7 კმ-ის დაშორებით, მდინარე ხრამის მარცხენა ფრიალო ნაპირზე მდებარეობს პირღებულის მონასტერი.
კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს ღვთისმშობლის დიდი ეკლესია, რომლის ფასადები შემკულია მდიდარი ჩუქურთმით. მონასტერი უმოქმედოა და საჭიროებს რესტავრაციას.
ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ორსართულიანი სამრეკლო, მთის ფერდობზე კი გაფანტულია ბერების სადგომი სენაკები - კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე გვიანდელი ხანის მცირე დარბაზული ეკლესიაა.
მარშრუტის შემდეგ სანახავ ობიექტს წარმოადგენს ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე, რომელიც სოფელ სამშვილდის მახლობლად, თეთრიწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ქალაქი გაშენებულია ორი მდინარის - ხრამისა და ჭივჭავის შესართავში მდებარე მაღალ კონცხზე და რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი უჭირავს, რომელიც დღეისათვის თითქმის მთლიანად ნანგრევებითაა დაფარული.
ნაქალაქარის აღმოსავლეთის მხარეს სამი ეკლესია დგას, რომელთაგან გამოირჩევა VIII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძარი - სამშვილდის სიონი. მისი ნანგრევები ახლაც აოცებს მნახველს, თუმცა შემონახულია მხოლოდ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი.
სამშვილდის სიონის დასავლეთით დგას სამნავიანი ბაზილიკა, აღმოსავლეთით კი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ქვები.
ციხე-ქალაქის დათვალიერების შემდეგ, უკანა გზაზე, შეგიძლიათ მოინახულოთ სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარე სომხური ეკლესია, რომელშიც განთავსებულია წითელ წარწერებიანი მენჰირი.
სოფელ სამშვილდიდან მარშრუტი გრძელდება ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის სოფ. დაღეთს და უხვევს სამხრეთით სოფელ დისველისკენ.
სოფელ დისველის მიდამოებში ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი დგას: V-VII სს.-ის ორი დარბაზული ეკლესია, XI-XIII სს.-ის ეკლესია, გალავანითა და კოშკით, აგრეთვე XIV-XVIII სს.-ის ტაძარი, რომელიც სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილით მიშენებულია განვ.შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიაზე. ამ ეკლესიებიდან სამი ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. სოფელ დისველიდან გზა ბოლნისისკენ მიემართება.
სოფ. დისველის შემდეგ მარშრუტი გრძელდება აღმოსავლეთისაკენ. მდ. ხრამის ხეობაში, სოფელ დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრზე მდებარეობს გამოქვაბულთა კომპლექსი - „მუგუთის ქვაბები“. ხრამის მცირე შენაკადი ღელეს ხეობის კანიონში, ერთმანეთის პირდაპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა 2 კომპლექსი.
ორივე კომპლექსის ქვედა იარუსები ციცაბო ქარაფის ძირშია გამოკვეთილი და ადვილი მისადგომია, ზედა იარუსის ქვაბებში მოხვედრაც საკმაოდ მოხერხებული ტერასული გზებითაა შესაძლებელი.
მუგუთის ქვაბების ერთ-ერთ გამოქვაბულში ერთნავიანი ეკლესიაა მოწყობილი. გამოქვაბულიდან ორასიოდე მეტრზე, წყალგამყოფი სერის გადაღმა, ხრამის ხეობის მარცხენა კალთაში კი გამოკვეთილია საინტერესო ძეგლი - მალული ეკლესია. ეკლესიაში მოხვედრა შეიძლება ვიწრო ხვრელით მოზრდილი ბუნებრივი მღვიმის შორეული კუთხიდან.
ეს ძეგლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპებს უკავშირდება და მისი სახით უაღრესად საინტერესო, უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. იგი მარშრუტის ბოლო სანახავი ობიექტია. მარშრუტი სრულდება თეთრიწყაროში.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Gymnadenia conopsea; Traunsteinera sphaerica; Orchis coriophora; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Pistacia mutica; Celtis glabrata; Senecio rombifolius; Corylus iberica; Quercus macranthera; Quercus pedunculiflora; Punica granatum; Stapilea pinnata; Ulmus minor; Ulmus suberosa; Vitis silvestris; Hippophae rhamnoides.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
მარშრუტი - „მარაბდა-ქოროღლი“
მარშრუტი - „მარაბდა-ქოროღლი“
დასაწყისი | სოფ. მარაბდა |
დასასრული | ქოროღლის ციხე |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 1 დღე |
მოძრაობის საშუალება | მანქანით და ფეხით |
მარშრუტის მიმართულება | მარაბდა - ღოუბანი - ქოროღლი |
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება სოფელ მარაბდადან, რომელიც მდ. ალგეთის მარცხენა მხარეზე, მარნეულის მახლობლად მდებარეობს. სოფლის შესასვლელში აღმართულია მარაბდის ცნობილი ბრძოლის (1625 წ.) გმირების - ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი, სოფლის განაპირას კი დგას წმ. მარინეს სახელობის დარბაზული ეკლესია (XVI-XVII სს), რომლის მახლობლად დაკრძალულია ცხრა ძმა ხერხეულიძე.
წმ. მარინეს სახელობის ეკლესიასთან გადის გრუნტის გზა, რომელიც გარს უვლის სოფლის განაპირას არსებულ მცირე ტბას, მიემართება ჩრდილოეთით და უერთდება კოდა-თეთრიწყაროს ტრასას. გრუნტის გზის ტრასასათან შეერთების ადგილის მახლობლად არის სოფელ ბორბალოსკენ გადასახვევი და სოფელ ღოუბანისკენ მიმავალი გზა.
სოფელი ღოუბანი თელეთ-საყარაულოს ქედის სამხრეთ კალთაზეა გაშენებული, თეთრი წყაროდან 29 კმ-ზე. სოფლის მიდამოებში ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი დგას.
თავდაპირველად ნახავთ სოფელ ღოუბანის სამხრეთით მდებარე „ქრისტეს ჯვრის ამაღლების“ მოქმედ ეკლესიას.
სოფლის განაპირას სამანქანო გზა წყდება და საჭიროა გზის ფეხით გაგრძელება. ბილიკი მიუყვება აღმართს, რომელზეც სოფელიდან ჩრდილოეთით, ცოტა მოშორებით დგას ღოუბანის დარბაზული ეკლესია. ტაძარი XIV ს.-შია აგებული.
მარშრუტზე სანახავ ისტორიულ ძეგლებს შორის შემდეგია ღოუბანის „ორმოცნის“ ეკლესია. ტაძარი აშენებულია XVI ს.-ში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი, კოშკი და სამრეკლო. „ორმოცნის“ ეკლესია მოქმედია, მისი რესტავრაცია გასულ საუკუნეში განხორციელდა.
ამის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი მიემართება ქოროღლის ციხისკენ. ქოროღლის ციხე თელეთ-საყარაულოს ქედზე, თეთრი წყაროდან ჩრდ.-აღმოსავლეთით, 32 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ციხე V-VII სს-შია აგებული და კლდეზე რამდენიმე იარუსადაა დაშენებული. ქოროღლის ციხე ბოლო სანახავი ობიექტია მარშრუტზე. აქედან შესაძლებელია ფეხით გადასვლა თბილისში წყნეთის ან ტაბახმელას მიმართულებით. kojori
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მცენარეები
მარშრუტი გამოირჩევა იმით, რომ მარაბდა-ღოუბანის მონაკვეთზე შესაძლებელია ისეთი მცენარეების ნახვა, რომელიც სხვა მარშრუტებზე არ შეგხვდებათ. აქ შეიძლება ნახოთ საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი სახეობები:
Iris iberica; Cyclamen vernum; Limodorum abortivum; Anacaptis pyramidalis; Astragalus Schischkinii; Punica granatum; Ulmus glabra; Ulmus minor; Ulmus suberosa; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ცვალებადია.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
მარშრუტი - „ალგეთის ხეობის ძეგლები“
მარშრუტი - „ალგეთის ხეობის ძეგლები“
დასაწყისი | ქ. თბილისი |
დასასრული | სოფ. გოხნარი |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 2 დღე |
მოძრაობის საშუალება | მანქანით და ფეხით |
მარშრუტის მიმართულება | თბილისი - წვერის წმ. გიორგი - მოხისი - მანგლისი - ახალსოფელი - გოხნარი - თბილისი |
შენიშვნა | მარშრუტიდან შესაძლებელია 2-ე მარშრუტზე გადასვლა |
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება ქ. თბილისიდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი. დაბა მანგლისი თბილისიდან 57 კმ-ზე მდებარეობს და ავტომობილით მგზავრობის დრო საშუალოდ 2 სთ-ს შეადგენს.
მარშრუტი მოიცავს მდ. ალგეთის ხეობაში არსებულ ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებს. ძირითადი კულტურული ძეგლია მანგლისის ტაძარი, რომელიც პირველია რაიონის სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლებს შორის.
პირველი სანახავი ობიექტია წვერის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რომელიც თეთრიწყაროს ჩრდ.-აღმოსავლეთით მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. აქედან ლამაზი სანახაობა იშლება. ეკლესია მოქმედია.
მარშრუტზე შემდეგ სანახავ ობიექტს წარმოადგენს მოხისის სამება. სოფელი მოხისი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზ.დ. 1360 მ-ზე მდებარეობს. სოფელი თეთრიწყაროდან 52 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელ მოხისში მდებარეობს დარბაზული ტიპის ეკლესია - მოხისის სამება, რომელიც აგებულია VIII-X სს.-ში. ტაძარი არამოქმედია.
მოხისის სამების მონახულების შემდეგ მარშრუტი გრძელდება მანგლისისაკენ. თეთრიწყაროდან 42 კმ მანძილზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, გაშენებულია დაბა მანგლისი, რომლის განაპირას დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მანგლისის „ღვთიშობლის მიძინების“ ტაძარი. ძეგლი მდიდრულადაა შემკული. ყურადღებას იქცევს ფასადთა ჩუქურთმები და კარიბჭეთა მორთულობა.
მონასტრის გალავნის შიგნით შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობათა კვალი. სამხრეთ კარიბჭის წინ მონოლითურ ქვის ბაზისზე აღმართულია ტოლმკლავებიანი ქვის ჯვარი.
ამჟამად მანგლისის ტაძარი მოქმედია და კარგადაა დაცული. ტაძრის ტერიტორიაზე არის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საზაფხულო რეზიდენცია და წალკა-მანგლისის მიტროპოლიტის ადგილსამყოფელი.
მარშრუტი გრძელდება ალგეთის ეროვნული პარკის მონახულებით. პარკი მდ. ალგეთის ხეობაში მდებარეობს, მისი ადმინისტრაციული შენობა დაბა მანგლისშია განთავსებული. ადმინისტრაციის თანამშრომლები მეგზურობას გაგიწევენ და დაგათვალიერებინებენ ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ კულტურისა და ბუნების ძეგლებს.
პირველ დღეს შეგიძლიათ ეროვნულ პარკში მოკლე ეკოტურისტული მარშრუტის განხორციელება, სადაც მცირე მონაკვეთზე (3 კმ) შესაძლებელია ალგეთის ხეობის მრავალფეროვანი ლანდშაფტების დათვალიერაბა.
ალგეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სასტუმრო სახლები მშენებლობის პროცესშია, მაგრამ კარგადა განვითარებული საოჯახო სასტუმროების ქსელი დაბა მანგლისში. სადაც შეგიძლიათ გაათენოთ ღამე და გასინჯოთ ადგილობრივი კერძები.
მეორე დღე
მანგლისის ტაძრის მონახულებისა და ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გასეირნების შემდეგ მარშრუტი გრძელდება სამხრეთისაკენ. მანგლისის მახლობლად (თეთრიწყაროდან 55 კმ-ზე) მდებარეობს სოფელი ახალსოფელი, რომელშიც არის X ს.-ის ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია.
ახალსოფლთან ახლოს, მდ. ბაზისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, მდებარეობს სოფელი გოხნარი. სოფლის მიდამოებში, დგას ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი: გოხნარის „წმ. მარიამი“, VIII-X სს.-ის დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია და გოხნარის წმ. გიორგის სახელობის, X ს.-ში აგებული, დარბაზული ტიპის ეკლესია მინაშენით. ორივე ძეგლი საკმაოდ დაზიანებული და არამოქმედია.
გოხნარის წმ. გიორგის ტაძრის სამხრეთ მინაშენის ჩრდილოეთ კედელზე მეომრების ოთხფიგურიანი დიდი ბარელიეფია, რომლის ჩარჩოსაც ლაპიდარული წარწერა მიუყვება. შემორჩენილია კედლის მხატვრობის (ფრესკა) ფრაგმენტებიც.
ეკლესია გამოირჩევა ლაპიდარული წარწერებითა და რელიეფებით. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია სცენა - „დანიელი ლომების ხაროში“. სამხრეთ ფასადზე მტრედებისა და ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებებია. ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებითაა მორთული დასავლეთის ფასადიც. ეკლესია არამოქმედია.
სოფელ გოხნარის მიდამოებში არსებული ძეგლების დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მათი დახმარებით განახორციელოთ შედარებით გრძელი მარშრუტი პარკის ტერიტორიაზე, კლდეკარის მიმართულებით.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Listera ovata; Epipactis palustris; Epipactis helleborine; Cephalanthera rubra; Cephalanthera longifolia; Limodorum abortivum; Epipogium aphyllum; Platanthera chlorantha; Gymnadenia conopsea; Traunsteinera sphaerica; Orchis coriophora; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Anacaptis pyramidalis; Taxus baccata; Campanula armasica (manglisi); Senecio rombifolius; Corilus iberica; Quercus macranthera; Astragalus Schischkinii; Ulmus glabra; Ulmus minor; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
Подписаться на:
Сообщения (Atom)