вторник, 19 ноября 2013 г.

მარშრუტი - „ხრამის ხეობის ძეგლები“

მარშრუტი - „ხრამის ხეობის ძეგლები“

დასაწყისიქ. თეთრიწყარო
დასასრულისოფ. დაღეთი
მარშრუტის ხანგრძლივობა1 დღე
მოძრაობის საშუალებამანქანით და ფეხით
მარშრუტის მიმართულებათეთრიწყარო - პირღებული - სამშვილდე - დისველი - დაღეთი - თეთრიწყარო
შენიშვნასოფ. დისველიდან შესაძლებელია ქ. ბოლნისში გადასვლა
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება ქ. თეთრიწყაროდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ დაიქირავოთ თეთრიწყაროს ავტოსადგურში. მარშრუტზე სანახავი კულტურული ძეგლები მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობენ, მათგან ორი - პირღებულის მონასტერი და სამშვილდის ნაქალაქარი რაიონის სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლების ათეულში შედის.
პირველი სანახავი ობიექტია პირღებულის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. თეთრიწყაროს სამხრეთით 4 კმ-ზე მდებარეობს სოფელი სამშვილდე, რომლის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე, ხოლო თეთრიწყაროდან 7 კმ-ის დაშორებით, მდინარე ხრამის მარცხენა ფრიალო ნაპირზე მდებარეობს პირღებულის მონასტერი.
კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს ღვთისმშობლის დიდი ეკლესია, რომლის ფასადები შემკულია მდიდარი ჩუქურთმით. მონასტერი უმოქმედოა და საჭიროებს რესტავრაციას.
ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ორსართულიანი სამრეკლო, მთის ფერდობზე კი გაფანტულია ბერების სადგომი სენაკები - კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე გვიანდელი ხანის მცირე დარბაზული ეკლესიაა.
მარშრუტის შემდეგ სანახავ ობიექტს წარმოადგენს ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდ, რომელიც სოფელ სამშვილდის მახლობლად, თეთრიწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ქალაქი გაშენებულია ორი მდინარის - ხრამისა და ჭივჭავის შესართავში მდებარე მაღალ კონცხზე და რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი უჭირავს, რომელიც დღეისათვის თითქმის მთლიანად ნანგრევებითაა დაფარული.
ნაქალაქარის აღმოსავლეთის მხარეს სამი ეკლესია დგას, რომელთაგან გამოირჩევა VIII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძარი - სამშვილდის სიონი. მისი ნანგრევები ახლაც აოცებს მნახველს, თუმცა შემონახულია მხოლოდ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი.
სამშვილდის სიონის დასავლეთით დგას სამნავიანი ბაზილიკა, აღმოსავლეთით კი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ქვები.
ციხე-ქალაქის დათვალიერების შემდეგ, უკანა გზაზე, შეგიძლიათ მოინახულოთ სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარე სომხური ეკლესია, რომელშიც განთავსებულია წითელ წარწერებიანი მენჰირი.
სოფელ სამშვილდიდან მარშრუტი გრძელდება ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის სოფ. დაღეთს და უხვევს სამხრეთით სოფელ დისველისკენ.
სოფელ დისველის მიდამოებში ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი დგას: V-VII სს.-ის ორი დარბაზული ეკლესია, XI-XIII სს.-ის ეკლესია, გალავანითა და კოშკით, აგრეთვე XIV-XVIII სს.-ის ტაძარი, რომელიც სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილით მიშენებულია განვ.შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიაზე. ამ ეკლესიებიდან სამი ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. სოფელ დისველიდან გზა ბოლნისისკენ მიემართება.
სოფ. დისველის შემდეგ მარშრუტი გრძელდება აღმოსავლეთისაკენ. მდ. ხრამის ხეობაში, სოფელ დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრზე მდებარეობს გამოქვაბულთა კომპლექსი - „მუგუთის ქვაბები“. ხრამის მცირე შენაკადი ღელეს ხეობის კანიონში, ერთმანეთის პირდაპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა 2 კომპლექსი.
ორივე კომპლექსის ქვედა იარუსები ციცაბო ქარაფის ძირშია გამოკვეთილი და ადვილი მისადგომია, ზედა იარუსის ქვაბებში მოხვედრაც საკმაოდ მოხერხებული ტერასული გზებითაა შესაძლებელი.
მუგუთის ქვაბების ერთ-ერთ გამოქვაბულში ერთნავიანი ეკლესიაა მოწყობილი. გამოქვაბულიდან ორასიოდე მეტრზე, წყალგამყოფი სერის გადაღმა, ხრამის ხეობის მარცხენა კალთაში კი გამოკვეთილია საინტერესო ძეგლი - მალული ეკლესია. ეკლესიაში მოხვედრა შეიძლება ვიწრო ხვრელით მოზრდილი ბუნებრივი მღვიმის შორეული კუთხიდან.
ეს ძეგლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპებს უკავშირდება და მისი სახით უაღრესად საინტერესო, უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. იგი მარშრუტის ბოლო სანახავი ობიექტია. მარშრუტი სრულდება თეთრიწყაროში.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Gymnadenia conopsea; Traunsteinera sphaerica; Orchis coriophora; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Pistacia mutica; Celtis glabrata; Senecio rombifolius; Corylus iberica; Quercus macranthera; Quercus pedunculiflora; Punica granatum; Stapilea pinnata; Ulmus minor; Ulmus suberosa; Vitis silvestris; Hippophae rhamnoides.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 


Комментариев нет:

Отправить комментарий