ქალაქი თეთრიწყარო მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე; წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა, ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი.
ქალაქის მოსახლეობა 4,0 ათასს შეადგენს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
თეთრიწყაროში შეგიძლიათ მოინახულოთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ტაძარი მოქმედია, აგებულია XIX-XX სს.-ში, განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის არქიტექტურულ ძეგლებს.
ქალაქში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მეგზურობას გაგიწევთ თეთრიწყაროს ისტორიის უფრო ახლოს გაცნობისათვის. მუზეუმი დაარსდა 1965 წელს, მასში ინახება 11000 ექსპონატი, მათ შორის არის ნუმიზმატიკის კოლექცია, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ კულტურული ძეგლების საუკუნის წინანდელი ფოტოები. აქვეა XIX-XX სს.-ში თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები გერმანელების მიერ კონსტრუირებული მაცივარი.
არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი ბრინჯაოს პერიოდს განეკუთვნება, მათ შორისაა საბრძოლო და შრომის იარაღები, ცხენის ლაგამი, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, ქალის სამკაულები, სარდიონის, ფირუზისა და მინის მძივები; ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწელულის რომის კეისრის ფულის მულაჟები, რომელიც ადასტურებს ამ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის არსებობას სხვა ქვეყნებთან. აქვეა რკინის ხანის ცულის პირები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბრძოლის იარაღები, ამავე პერიოდით დათარიღებული ოთხთვალა საბრძოლო ეტლი. თიხის სხვადასხვა ფორმის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო დანიშნულების ჭურჭელიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
Комментариев нет:
Отправить комментарий