მარშრუტი - „მარაბდა-ქოროღლი“
დასაწყისი | სოფ. მარაბდა |
დასასრული | ქოროღლის ციხე |
მარშრუტის ხანგრძლივობა | 1 დღე |
მოძრაობის საშუალება | მანქანით და ფეხით |
მარშრუტის მიმართულება | მარაბდა - ღოუბანი - ქოროღლი |
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება სოფელ მარაბდადან, რომელიც მდ. ალგეთის მარცხენა მხარეზე, მარნეულის მახლობლად მდებარეობს. სოფლის შესასვლელში აღმართულია მარაბდის ცნობილი ბრძოლის (1625 წ.) გმირების - ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი, სოფლის განაპირას კი დგას წმ. მარინეს სახელობის დარბაზული ეკლესია (XVI-XVII სს), რომლის მახლობლად დაკრძალულია ცხრა ძმა ხერხეულიძე.
წმ. მარინეს სახელობის ეკლესიასთან გადის გრუნტის გზა, რომელიც გარს უვლის სოფლის განაპირას არსებულ მცირე ტბას, მიემართება ჩრდილოეთით და უერთდება კოდა-თეთრიწყაროს ტრასას. გრუნტის გზის ტრასასათან შეერთების ადგილის მახლობლად არის სოფელ ბორბალოსკენ გადასახვევი და სოფელ ღოუბანისკენ მიმავალი გზა.
სოფელი ღოუბანი თელეთ-საყარაულოს ქედის სამხრეთ კალთაზეა გაშენებული, თეთრი წყაროდან 29 კმ-ზე. სოფლის მიდამოებში ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი დგას.
თავდაპირველად ნახავთ სოფელ ღოუბანის სამხრეთით მდებარე „ქრისტეს ჯვრის ამაღლების“ მოქმედ ეკლესიას.
სოფლის განაპირას სამანქანო გზა წყდება და საჭიროა გზის ფეხით გაგრძელება. ბილიკი მიუყვება აღმართს, რომელზეც სოფელიდან ჩრდილოეთით, ცოტა მოშორებით დგას ღოუბანის დარბაზული ეკლესია. ტაძარი XIV ს.-შია აგებული.
მარშრუტზე სანახავ ისტორიულ ძეგლებს შორის შემდეგია ღოუბანის „ორმოცნის“ ეკლესია. ტაძარი აშენებულია XVI ს.-ში. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი, კოშკი და სამრეკლო. „ორმოცნის“ ეკლესია მოქმედია, მისი რესტავრაცია გასულ საუკუნეში განხორციელდა.
ამის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი მიემართება ქოროღლის ციხისკენ. ქოროღლის ციხე თელეთ-საყარაულოს ქედზე, თეთრი წყაროდან ჩრდ.-აღმოსავლეთით, 32 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ციხე V-VII სს-შია აგებული და კლდეზე რამდენიმე იარუსადაა დაშენებული. ქოროღლის ციხე ბოლო სანახავი ობიექტია მარშრუტზე. აქედან შესაძლებელია ფეხით გადასვლა თბილისში წყნეთის ან ტაბახმელას მიმართულებით. kojori
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მცენარეები
მარშრუტი გამოირჩევა იმით, რომ მარაბდა-ღოუბანის მონაკვეთზე შესაძლებელია ისეთი მცენარეების ნახვა, რომელიც სხვა მარშრუტებზე არ შეგხვდებათ. აქ შეიძლება ნახოთ საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი სახეობები:
Iris iberica; Cyclamen vernum; Limodorum abortivum; Anacaptis pyramidalis; Astragalus Schischkinii; Punica granatum; Ulmus glabra; Ulmus minor; Ulmus suberosa; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ცვალებადია.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
Комментариев нет:
Отправить комментарий