вторник, 19 ноября 2013 г.

მარშრუტი - „ალგეთის ხეობის ძეგლები“

მარშრუტი - „ალგეთის ხეობის ძეგლები“

დასაწყისიქ. თბილისი
დასასრულისოფ. გოხნარი
მარშრუტის ხანგრძლივობა2 დღე
მოძრაობის საშუალებამანქანით და ფეხით
მარშრუტის მიმართულებათბილისი - წვერის წმ. გიორგი - მოხისი - მანგლისი - ახალსოფელი - გოხნარი - თბილისი
შენიშვნამარშრუტიდან შესაძლებელია 2-ე მარშრუტზე გადასვლა
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება ქ. თბილისიდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი. დაბა მანგლისი თბილისიდან 57 კმ-ზე მდებარეობს და ავტომობილით მგზავრობის დრო საშუალოდ 2 სთ-ს შეადგენს.
მარშრუტი მოიცავს მდ. ალგეთის ხეობაში არსებულ ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებს. ძირითადი კულტურული ძეგლია მანგლისის ტაძარი, რომელიც პირველია რაიონის სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლებს შორის.
პირველი სანახავი ობიექტია წვერის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რომელიც თეთრიწყაროს ჩრდ.-აღმოსავლეთით მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. აქედან ლამაზი სანახაობა იშლება. ეკლესია მოქმედია.
მარშრუტზე შემდეგ სანახავ ობიექტს წარმოდგენს მოხისის სამება. სოფელი მოხისი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზ.დ. 1360 მ-ზე მდებარეობს. სოფელი თეთრიწყაროდან 52 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელ მოხისში მდებარეობს დარბაზული ტიპის ეკლესია - მოხისის სამება, რომელიც აგებულია VIII-X სს.-ში. ტაძარი არამოქმედია.
მოხისის სამების მონახულების შემდეგ მარშრუტი გრძელდება მანგლისისაკენ. თეთრიწყაროდან 42 კმ მანძილზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, გაშენებულია დაბა მანგლისი, რომლის განაპირას დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მანგლისის „ღვთიშობლის მიძინების“ ტაძარი. ძეგლი მდიდრულადაა შემკული. ყურადღებას იქცევს ფასადთა ჩუქურთმები და კარიბჭეთა მორთულობა.
მონასტრის გალავნის შიგნით შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობათა კვალი. სამხრეთ კარიბჭის წინ მონოლითურ ქვის ბაზისზე აღმართულია ტოლმკლავებიანი ქვის ჯვარი.
ამჟამად მანგლისის ტაძარი მოქმედია და კარგადაა დაცული. ტაძრის ტერიტორიაზე არის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საზაფხულო რეზიდენცია და წალკა-მანგლისის მიტროპოლიტის ადგილსამყოფელი.
მარშრუტი გრძელდება ალგეთის ეროვნული პარკის მონახულებით. პარკი მდ. ალგეთის ხეობაში მდებარეობს, მისი ადმინისტრაციული შენობა დაბა მანგლისშია განთავსებული. ადმინისტრაციის თანამშრომლები მეგზურობას გაგიწევენ და დაგათვალიერებინებენ ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ კულტურისა და ბუნების ძეგლებს.
პირველ დღეს შეგიძლიათ ეროვნულ პარკში მოკლე ეკოტურისტული მარშრუტის განხორციელება, სადაც მცირე მონაკვეთზე (3 კმ) შესაძლებელია ალგეთის ხეობის მრავალფეროვანი ლანდშაფტების დათვალიერაბა.
ალგეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სასტუმრო სახლები მშენებლობის პროცესშია, მაგრამ კარგადა განვითარებული საოჯახო სასტუმროების ქსელი დაბა მანგლისში. სადაც შეგიძლიათ გაათენოთ ღამე და გასინჯოთ ადგილობრივი კერძები.
მეორე დღე
მანგლისის ტაძრის მონახულებისა და ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გასეირნების შემდეგ მარშრუტი გრძელდება სამხრეთისაკენ. მანგლისის მახლობლად (თეთრიწყაროდან 55 კმ-ზე) მდებარეობს სოფელი ახალსოფელი, რომელშიც არის X ს.-ის ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია.
ახალსოფლთან ახლოს, მდ. ბაზისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, მდებარეობს სოფელი გოხნარი. სოფლის მიდამოებში, დგას ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი: გოხნარის „წმ. მარიამი“, VIII-X სს.-ის დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია და გოხნარის წმ. გიორგის სახელობის, X ს.-ში აგებული, დარბაზული ტიპის ეკლესია მინაშენით. ორივე ძეგლი საკმაოდ დაზიანებული და არამოქმედია.
გოხნარის წმ. გიორგის ტაძრის სამხრეთ მინაშენის ჩრდილოეთ კედელზე მეომრების ოთხფიგურიანი დიდი ბარელიეფია, რომლის ჩარჩოსაც ლაპიდარული წარწერა მიუყვება. შემორჩენილია კედლის მხატვრობის (ფრესკა) ფრაგმენტებიც.
ეკლესია გამოირჩევა ლაპიდარული წარწერებითა და რელიეფებით. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია სცენა - „დანიელი ლომების ხაროში“. სამხრეთ ფასადზე მტრედებისა და ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებებია. ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებითაა მორთული დასავლეთის ფასადიც. ეკლესია არამოქმედია.
სოფელ გოხნარის მიდამოებში არსებული ძეგლების დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მათი დახმარებით განახორციელო შედარებით გრძელი მარშრუტი პარკის ტერიტორიაზე, კლდეკარის მიმართულებით.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Listera ovata; Epipactis palustris; Epipactis helleborine; Cephalanthera rubra; Cephalanthera longifolia; Limodorum abortivum; Epipogium aphyllum; Platanthera chlorantha; Gymnadenia conopsea; Traunsteinera sphaerica; Orchis coriophora; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Anacaptis pyramidalis; Taxus baccata; Campanula armasica (manglisi); Senecio rombifolius; Corilus iberica; Quercus macranthera; Astragalus Schischkinii; Ulmus glabra; Ulmus minor; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 


Комментариев нет:

Отправить комментарий