вторник, 19 ноября 2013 г.

მარშრუტი - „ბირთვისის კანიონები“

მარშრუტი - „ბირთვისის კანიონები“

დასაწყისიქ. თეთრიწყარო
დასასრულისოფ. აბელიანი
მარშრუტის ხანგრძლივობა2 დღე
მოძრაობის საშუალებამანქანით და ფეხით
მარშრუტის მიმართულებათეთრიწყარო - ჩხიკვთა - ფარცხისი - ტბისი - ბირთვისი - ჩხიკვთა - აბელია - თეთრიწყარო
შენიშვნამარშრუტიდან შესაძლებელია პირველ მარშრუტზე გადასვლა
კულტურული ძეგლები 

პირველი დღე
მარშრუტი იწყება ქალაქ თეთრიწყაროდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ დაიქირავოთ თეთრიწყაროს ავტოსადგურში.
თეთრიწყაროდან 7 კმ-ში მდებარეობს სოფელი ჩხიკვთა, სოფლის სამხრეთით კი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ჩხიკვთას სიონი, პირველი სანახავი ობიექტი მარშრუტზე.
ჩხიკვთას სიონი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აშენებულია 1679 წელს, მონაცრისფრო ალგეთის ქვით. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ვიხილავთ საკმაოდ ლამაზ ტაძარს.
სოფელ ჩხიკვთას აღმოსავლეთით მდებარეობს სოფელი ფარცხისი (თეთრი წყაროდან 15 კმ.). სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს აღმართულ მაღალ გორაკზე შემორჩენილია შუა საუკუნეების (XI-XIII სს.) ციხე-სიმაგრის ნანგრევები: გალავანი, ციხის კედელი და კოშკი. მიუხედავად დაზიანებისა ძეგლი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, გორაკიდან კი საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება.
სოფელ ფარცხისის ჩრდილოეთით (2,5 კმ-ში) მდებარეობს სოფელი ტბისი. სოფლის განაპირას იწყება ბილიკი, რომელიც ბირთვისის კომპლექსამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს. ბილიკის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს. გზის ბოლოში ორ კლდეს შორის გასაძრომი, ვიწრო ბუნებრივი კარიბჭეა, რომელსაც დევის ნარღვევს უწოდებენ. მისი საშუალებით ჩავდივართ მაღალ, სხვადასხვა ზომისა და ფორმის კლდეებს შორის, სადაც პირველად მოხვედრილი ადამიანისათვის რთულია ბირთვისის ციხე-სიმაგრის მიგნება, ამიტომ სასურველია ციხისკენ მისასვლელი გზის მცოდნე ადამიანის გაყოლა, ანდა სოფელ ტბისის მცხოვრებლებისგან ზუსტი ინფორმაციის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ციხე-სიმაგრის უნახავად დატოვოთ ბირთვისის კანიონები.
ბირთვისის ციხისკენ მიმავალ ბილიკზე პირველად წყაროსთან მდებარე გოდოლს ნახავთ. აქედან კლდეებს შორის ციხისკენ მიმავალი ისტორიული ბილიკი მიემართება.
ბირთვისის ციხე 4 სართულიან, გალავნით შემოზღუდულ ნაგებობას წარმოადგენს. ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი „შეუპოვარი“. აქედან შეიძლება მთელი ციხე-სიმაგრის დაზვერვა.
ყურადღება უნდა მიაქციოთ საპიკნიკე და საკარვე ადგილის შერჩევას. სასურველია კარავი შემაღლებულ ადგილზე დადგათ, რადგან წვიმის დროს კანიონებს შორის ჩამოსულმა წყალმა არ დაგირღვიოთ სიმშვიდე.
მეორე დღე
სოფელ ტბისის დასავლეთით ორიოდე კილომეტრზე შემორჩენილია ბარათაშვილთა ნასახლარისა და მონასტრის ნანგრევები. მათ მოსანახულებლად დახმარებას გაგიწევენ სოფლის მცხოვრებლები.
სოფლის სამხრეთით მდებარე გორაკიდან კარგად მოსჩანს ალგეთის წყავსაცავი და მდინარე ალგეთი. ალგეთის წყალსაცავისკენ მიმავალი გზის საშუალებით შესაძლებელია სოფელ ვაკემდე და შემდეგ გუდარეხის კომპლექსამდე მისვლა.
სოფელი ვაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირას დგას პატარა, ღვთისმშობლის სახელობის, 1341 წელს აგებული დარბაზული ეკლესია. XIV საუკუნით დათარიღებული ძეგლები რაიონში არ მოიპოვება და კუთხის ისტორიის შესწავლისათვის ვაკის ეკლესიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სოფელი გუდარეხი ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს მდებარეობს. სოფლის მახლობლად შემონახულია გუდარეხის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მეოთხეა რაიონის სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლებს შორის.
მონასტრის მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანებული და არამოქმედია, ძეგლამდე მისასვლელი გზაც საკმაოდ გრძელი და დაზიანებულია, მაგრამ ამ ლამაზი ძეგლ-სამოსახლოს ნახვა ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
სოფელ ტბისიდან შესაძლებელია პირდაპირ ჩხიკვთაში მოხვედრა. თეთრიწყაროსკენ უკანა გზაზე შეგიძლიათ მოინახულოთ სოფელ ჩხიკვთას დასავლეთით მდებარე მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც წმ. გიორგის სახელზეა აგებული. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე რელიეფური ჯვარი და ასომთავრული წარწერაა. ტაძარი სოფელ ჩხიკვთადან თეთრიწყაროსკენ მიმავალ ძველ გზაზე მდებარეობს.
სოფელ ჩხიკვთას დასავლეთით თეთრიწყაროს მახლობლად (5 კმ.) მდებარეობს სოფელი აბელიანი. სოფელი აღმოსავლეთით გადაჰყურებს პატარა გორაკს, რომელზეც დგას თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია. მის სამხრეთ ფასადზე დაცული ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250-1259 წწ. შორის. ეს ერთადერთი ძეგლია საქართველოში, რომლის წარწერაზეც ორი მეფე: დავით-ულუ და დავით-ნარინია ნახსენები. მიუხედავად დიდი ხნოვანებისა ეკლესია კარგადაა დაცული. აბელიანის ტაძარი, მანგლისის ეკლესიის შემდეგ მეორეა რაიონის სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლებს შორის.
აბელია ბოლო ობიექტია მარშრუტზე სანახავ კულტურულ ძეგლებს შორის. მარშრუტი ქ. თეთრიწყაროში სრულდება.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Listera ovata; Epipactis palustris; Epipactis helleborine; Cephalanthera rubra; Cephalanthera longifolia; Limodorum abortivum; Platanthera chlorantha; Orchis coriophora; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Anacaptis pyramidalis; Taxus baccata; Pistacia mutica; Campanula armasica (ბირთვისი); Celtis glabrata; Corylus iberica; Quercus macranthera; Quercus pedunculiflora; Punica granatum; Ulmus glabra; Ulmus minor; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC


Комментариев нет:

Отправить комментарий