вторник, 19 ноября 2013 г.

მარშრუტი - „ფიტარეთის მონასტერი“

მარშრუტი - „ფიტარეთის მონასტერი“

დასაწყისიქ. თეთრიწყარო
დასასრულისამღერეთი
მარშრუტის ხანგრძლივობა1 დღე
მოძრაობის საშუალებამანქანით და ფეხით
მარშრუტის მიმართულებათეთრიწყარო - ალექსეევკა - ფიტარეთი - ხულუტი - ჭივჭავი - დმანისი - სამღერეთი - თეთრიწყარო
კულტურული ძეგლები
მარშრუტი იწყება თეთრიწყაროდან. მის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ დაიქირავოთ თეთრიწყაროს ავტოსადგურში.
პირველი სანახავი ობიექტია ჭივჭავას მენჰირი, რომელიც მდებარეობს თეთრიწყარო-ალექსეევკის გზაზე, თეთრიწყაროდან 6 კმ-ის დაშორებით. მენჰირი მეგალითური ნაგებობების ერთ-ერთი სახეობაა და წარმართული რელიგიის ძეგლს განეკუთვნება. ჭივჭავას მენჰირი გზის პირას არის აღმართული, მიწიდან 2 მ-მდე.
მარშრუტზე სანახავ ძეგლებს შორის შემდეგი სოფელ ალექსეევკის მიდამოებში მდებარე ეკლესია „დრიანეთია“. სოფელი ალექსეევკა თეთრიწყაროდან 13 კმ-ზე მდებარეობს. ტაძარი X-XI სს. განეკუთვნება და რაიონის მნიშვნელოვანი ძეგლების სამეულში შედის.
ალექსეევკიდან მარშრუტი ნავთიანისკენ უხვევს, გაივლის სოფლებს - ზემო და ქვემო ახალკაფა და სოფელ ფიტართისკენ მიემართება. სოფელი ფიტარეთი თეთრიწყაროდან 25 კმ-თაა დაშორებული, მის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ხრამის ხეობის მშვენება - ფიტარეთის მონასტერი, რომელიც მარშრუტის ყველაზე გამორჩეული კულტურული ძეგლია.
ფიტარეთი ბეთანია - ქვათახევის ჯგუფის ეკლესიათა ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშია. თავისუფლად გამოყვანილი ჩუქურთმების რთული ხლართები, ნახატში ჩაქსოვილი ცხოველთა და ადამიანთა ფიგურები, კედლის წყობაში გამოყენებული სხვადასხვა ფერის ქვა დახვეწილი დეკორაციულობის შთაბეჭდილებას ქმნის.
საუკუნეების განმავლობაში მრავალ მიზეზთა გამო მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა, მისი რესტავრაცია მოხდა იუნესკოს მიერ გამოყოფილი სახსრებით, 1995-2007 წწ.-ში. ამჟამად მონასტერი მოქმედია.
სოფელ ფიტარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ის დაშორებით, სოფელ ტანძიისკენ (ბოლნისის რნ.-ი) მიმავალ გზაზე მდებარეობს ხულუტის ციხე.
ხულუტის ციხე-დარბაზი XVIII ს-შია აგებული და მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში მდებარეობს. ციხეში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. ამჟამად ძეგლი უმოქმედოა, მაგრამ გარეგნულად კვლავ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
თეთრიწყაროსკენ უკანა გზაზე შესაძლებელია სოფელ ჭივჭავის ახლადაშენებული მოქმედი ეკლესიის მონახულება. ეკლესიას გარს უზარმაზარი ლოდებისაგან შექმნილი გალავანი აქვს შემოვლებული, რაც მნახველზე გრანდიოზულ შთბეჭდილებას ტოვებს.
სოფელ ჭივჭავის მახლობლად მდებარეობს სოფელი დმანისი, რომელიც თეთრიწყაროდან 11 კმ-ითაა დაშორებული. სოფლის მიდამოებში მდებარეობს დარბაზული ტიპის XIV-XVIII სს.-ის ეკლესია - დმანისის „კლდის ჯვარა“.
მარშრუტის ბოლო სანახავ ობიექტს სამღერეთის არქიტექტურული კომპლექსი წარმოადგენს. მარშრუტი სოფელ იფნარისკენ უხვევს და მიემართება, სოფელ სამღერეთისკენ, რომელიც თეთრიწყაროდან 8კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
სოფლის მახლობლად (სამხრეთით 1 კმ.) არის არქიტექტურული კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის XI-XIII სს.-ის დარბაზული ეკლესია - „საბერო“ და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამრეკლო. ეკლესიის დაბლა სამხრეთ-დასავლეთით, დიდი საცხოვრებელი სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსი ყველა ნაგებობა დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.
მარშრუტი სრულდება ქ. თეთრიწყაროში.
ბუნებრივი ძეგლები
მცენარეები
მარშრუტზე შესაძლებელია საქართველოს წითელ ნუსხაში და CITES-ის დანართებში შესული შემდეგი მცენარეების ნახვა:
Cyclamen vernum; Listera ovata; Cephalanthera longifolia; Epipogium aphyllum; Goodyera repens; Platanthera chlorantha; Orchis mascula; Orchis militaris; Dactylorhiza flavescens; Dactylorhiza amblyoloba; Anacaptis pyramidalis; Pistacia mutica; Senecio rombifolius; Corylus iberica; Quercus macranthera; Stapilea pinnata; Ulmus glabra; Ulmus minor; Vitis silvestris.
აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 


Комментариев нет:

Отправить комментарий