пятница, 21 июня 2013 г.

ცხოველები

ამფიბიები:


სირიული მყვარი Pelobates syriacus Boett.


ამ ამფიბიის სხეულის სიგრძე 8 სმ-მდე აღწევს. ზედა მხარე ღია-ნაცრისფერი ან მოყვითალოა, დაფარული მუქი მწვანე ლაქებით, კანი გლუვია.
გავრცელებულია სირიაში, პალესტინაში, მცირე აზიაში, ბალკანეთში, გვხვდება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. უფრო ხშირად წყალსატევის ნაპირებთანაა, თხრის ღრმა სოროებს, იმალება ქვების ქვეშ.
აქტიურია ღამით. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. ქვირითობა გრძელდება მარტის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე. ლარვები ვითარდებიან 70-85 დღის განმავლობაში.
საკმაოდ იშვიათი სახეობაა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა (EN A2a).

ძუძუმწოვრები:

ევრაზიული წავი Lutra lutra

წავი



წავის არეალი საქართველოში მოიცავდა მდინარეების: ალაზნის, იორის, არაგვის, მტკვარის, ლიახვის, რიონის, ენგურის, ბზიფის, სუფსისა და კინტრიშის აუზებს, გავრცელებული იყო კოლხეთის დაბლობის მდინარეებზე, პალიასტომის, ბაზალეთის, ტაბაწყურის, რიწის ტბების სანაპიროებზე. ე.ი ბინადრობდა საქართველოს თითქმის ყველა თევზით მდიდარ მდინარეზე. წავის ისტორიული და თანამედროვე არეალი ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა თითოეულ მდინარეზე მათი ბინადრობის ადგილები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი საერთო რიცხოვნობის შემცირება. უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წავის რიცხოვნობა შემცირებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ბევრი ადგილიდან იგი საერთოდ გამქრალია.
წავის კვალი
წავი ბინადრობს მდინარეებისა და მტკნარი წყალსატევების ნაპირებზე. ვრცელდება ზ. დ.-დან 2300 მ-მდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც თვითონვე თხრის წყალსატევის ნაპირზე. მძუნაობა მიმდინარეობს ზამთრის დამლევს, აგრეთვე გაზაფხულზე მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 63-70 დღეს.
იკვებება თევზებით, ამფიბიებით, კიბოსნაირებით, წყალში მცურავი ფრინველებით, მათი მართვეებით, პატარა ძუძუმწოვრებით, ქვეწარმავლებით.
წავის რიცხოვნობის შემცირების ძირითადი მიზეზებია სასიცოცხლო არეალის შემცირება, წყალსატევების დაბინძურება, ჩასადგმელი ბადეებით, ელექტრო დენით, დინამიტით და მომწამლავი ნივთიერებით თევზაობა.
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხესთან ახლოს მყოფის კატეგორია (NT). 2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU).

მურა დათვი Ursus arctos


მურა დათვი



მურა დათვი ძუძუმწოვრთა კლასის მტაცებელთა რიგის წარმომადგენელია. გააჩნია ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი, პატარა ყურები და მოკლე კუდი. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა - უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში.
მართალია დათვი მტაცებელთა რიგს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.
დათვის კვალი
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ.
ცივ რეგიონში მობინადრე დათვები, თეთრი დათვების გარდა, მთელი შემოდგომის განმავლობაში ინტესიურად იკვებებიან, რათა საკმარისი ცხიმის მარაგი დააგროვონ მომავალი ზამთრისათვის, რომელსაც მურა დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებითა და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ მოწყობილი.
შეწყვილების პერიოდი ჩვენთან მობინადრე დათვებისთვის, ჩვეულებრივ, გაზაფხულია. დათვი შობს პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.
2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხეში მყოფი სახეობის სტატუსი (EN).

ფოცხვერი Lynx lynx






ახლო წარსულში ფოცხვრის არეალი მოიცავდა მთელ საქართველოს. ამჟამად შემორჩენილია რამოდენიმე იზოლირებული პოპულაციის სახით. ესენია ლაგოდეხის, თუშეთ-ხევსურეთის, რაჭა-სვანეთის, ბორჯომ-ბაკურიანისა და ივრის ზეგანის პოპულაციები. ვერტიკალურად ფოცხვერი ზღვის დონიდან 2500 მ-მდე  ვრცელდება.
ძირითადად გავრცელებულია ტყის სარტყელში. გვხვდება აგრეთვე სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, არიდულ და სემიარიდულ ეკოტოპებში.
სხეულის სიგრძე აღწევს 80-105 სმ-მდე, ხოლო კუდისა 20-31 სმ-მდე. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულებში, კლდეთა ნაპრალებში, ხის ფესვების ქვეშ, იშვიათად ხის ტოტებზეც. მძუანობა მიმდინარეობს იანვრის დამლევიდან მარტის დასაწყისამდე. მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 70 დღემდე, შობს 2-6 თვალაუხელელსა და უსუსურ ნაშიერს. 3 წლის ასაკში აღწევს სქესმწიფობას, ცოცხლობს 18 წლამდე. მისი ძირითადი საკვებია ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ფრინველები.
ფოცხვერის რიცხვი საქართველოში ძალზედ შემცირებულია. მისი რაოდენობის მალიმიტირებელი ფაქტორებიდან შეიძლება აღინიშნოს საბინადრო ადგილების შემცირება (ტყის ექპლოატაციის შედეგად). მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბრაკონიერობამაც. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხესთან ახლოს მყოფის კატეგორია (NT). 2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსი (CR).



რუხი მგელი Canis lupus






მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. რუხი მგელი ფართოდაა გავრცელებული კანადაში, ალიასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში. მგლის სიგრძე 100-140 სმ, ხოლო წონა - 18-80 კგ-ია. იკვებება როგორც ლეშით, ასევე ნადირობს ჩლიქოსნებზე, მღრღნელებსა და ქვეწარმავლებზე, ხშირად ჭამს მწერებსა და კენკროვანი მცენარეების ნაყოფს.
მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ბინადრობს სხვადასხვა ლანდშაფტებში, ნახევარუდაბნოდან ალპურ სარტყელამდე. ბუნაგს იკეთებს მიუვალ ადგილებში, ხევებში, ლელიანებში, დიდი ლოდების ქვეშ. იშვიათად იყენებს მაჩვის ან მელიის ბუნაგებს.
მრავლდება წელიწადში ერთხელ. მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.
ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ.


შველი Capreolus capreolus




შველი გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში. საქართველოში ბინადრობს ყველგან, ივრის ზეგანისა და გარეჯის უდაბნოს გარდა, არ გვხვდება ალპურ სარტყელში. სხეულის სიგრძე 110-125 სმ-ია, წონა 20-26 კგ. მოხდენილი და მსუბუქი ცხოველია, მაღალი და წვრილი ფეხებით. სახის ნაწილი შედარებით მოკლეა, ყურები დიდი, კუდი ბეწვიდან არ ჩანს. ვაცებს გააჩნიათ 3-5 შტოიანი მცირე ზომის რქები. რქებს ცხოველი ოქტომბერ-დეკემბერში იცვლის, ახალი კი მარტიდან ამოსდის. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით მოყვითალოა ან ოქროსფერი წითური ელფერით, მბზინვარე, მუცლის მხარე შედარებით ღია ფერისაა. ახალგაზრდები პირველ განგურამდე ინარჩუნებენ ხალებს.
ძირითადად ბინადრობს წყლის მახლობლად, მეჩხერ ტყეებში, ხშირი ქვეტყითა და მაღალი ბალახის საფარით. ზაფხულობით განმარტოვებულ ცხოვრებას ეწევა, წლის სხვა დროს მცირე ჯოგების სახით შეიძლება შეგვხვდეს. მრავლდება ივლის-აგვისტოში. მდედრი შობს ერთ ან ორ ნუკრს. იკვებება ნეკერით, ყლორტებით, კვირტებით, ბალახითა და ფოთლებით.

მცენარეები: 

ალპური ხარაბუზა - Rosalia alpine (Linnaeus, 1758)
რიგი ხეშეშფრთიანები - Coleoptera
ოჯახი ულვაშა ხოჭოები - Cerambycidae



ალპური ხარაბუზა ულვაშა ხოჭოების მცირე ზომის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძე 15-35 მმ-ია, სხეული რუხი შეფერილობისაა შავი ნახატით, მასზე განლაგებულია ფერფლისფერ-რუხი ან მოცისფრო „თმები“. შეფერილობა იმდენად ცვალებადია, რომ არსებობენ თითქმის ნახატის გარეშე ან მთლიანად შავი ხოჭოები. ულვაშები 11-სახსრიანია, რომლებიც მამრებში სხეულზე 1,5-ჯერ დიდია, მდედრებში კი ოდნავ სცილდება მუცელს. ულვაშების 3-6-ე სახსარს გააჩნია თმების ხშირი ფუნჯი.
ბინადრობს წიფლის ტყეებში, სადაც ბევრია ხმელი ხეები. ხოჭოების ფრენა შეინიშნება ივნისიდან სექტემბრამდე. აქტიურები არიან მზიან ამინდში. კვერცხებს დებენ ხეთა ნაპრალებში (წიფელი, იფანი, მუხა, რცხილა). მატლის განვითარება მიმდინარეობს ხის მერქანში 2-3 წლის განმავლობაში.
საკმაოდ იშვიათი სახეობაა. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის (VU - A1c) სტატუსით, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით - „გადაშენების პირას მყოფი“ (EN - B2cii).

აპოლონი - Parnassius Apollo (Linnaeus, 1758)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი პარნასიდები - Parnassiidae




საქართველოში გავრცელებული დღის ქერცლფრთიანებიდან ყველაზე დიდი ზომის პეპელაა. ფრთების შლილი 64-86 მმ-ია, საერთო ფონი რძისფერი თეთრია, გარეთა კიდეები ბოლოვდება ბრტყელი, გამჭვირვალე არშიით. წინა ფრთებზე რამდენიმე შავი ლაქაა, უკანაზე კი - ორი ალისფერი თვალაკი, თეთრი ცენტრითა და შავი არშიით. ფრთების ფუძეები და სხეული შავია.
საქართველოში გვხვდება მაღალმთიანეთში, ტიპიური ბიოტოპია სუბალპური ტყე და მაღალბალახეული, აგრეთვე სუბალპური და ალპური მდელოების მშრალი, ქვიანი ან კლდიანი კალთები. დაფრინავს გაშლილ, მზიან მდელოებზე, მაისიდან ივლისამდე. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. მატლი იკვებება კლდისდუმაზე (Sedum) და კლდისვაშლაზე (Sempervium). იზამთრებს მატლის ფაზაში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში აპოლონის ევროპული პოპულაციები ძლიერ შემცირდა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა პოლონეთი, შვედეთი და საფრანგეთი, ლიტვასა და ლატვიაში კი გადაშენებულად ითვლება. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის (VU A1cde) სტატუსით, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში ანალოგიური სტატუსით. შესულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის CITES-ს დანართებში (Apendix II).

ბაზი ერიოფორუსი - Bombus eriophorus
რიგი სიფრიფანაფრთიანები - Hymenoptera
ოჯახი ფუტკრისებურები - Apidae




ბაზებს შორის საკმაოდ იშვიათი და დიდი ზომის მწერია. სხეული დაფარული აქვს ხშირი „თმებით“, ზურგი შავია. ბაზების სხვა სახეობებისაგან გამოირჩევიან მუცლის წითელი დაბოლოებით. ულვეშები 13-სახსრიანია. უკანა კიდურებზე კარგად აქვთ განვითარებული „თმები, რომლის საშუალებითაც იწებებენ ყვავილის მტვერს. ამგვარად, ბაზი ერიოფორუსები მცენარეების ერთ-ერთ ეფექტურ დამამტვერიანებლებად გვევლინებიან.
ბაზები საზოგადოებრივ მწერებს მიეკუთვნებიან და 50-100 ინდივიდიან ოჯახებად ცხოვრობენ. ოჯახი შედგება მდედრი, მუშა (სქესობრივად მოუმწიფებელი მდედრები) და მამრი ინდივიდებისაგან. ბუდის გარეთ დღიური აქტივობა იწყება მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე და მაქსიმუმს აღწევს 11 საათისთვის. 12-დან 14 საათამდე ბაზების უმრავლესობა ბუდეში ისვენებს. 14 საათიდან ბუდიდან გამოფრენების რიცხვი ხშირდება და მაქსიმუმს 18 საათისთვის აღწევს.
მწერების ამ ჯგუფის ცხოველმყოფელობისათვის მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობა. ჰაერის სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ბაზების ოჯახის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, ისე ადგილობრივ ენტომოფაუნაში მათი არარსებობა.
ბაზ ერიოფორუსს ძალზე მცირე არეალი გააჩნია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU – B2cii).

ცისფერ მელეაგრი - Polyommatus daphnis (Dennis et Schiffermuller, 1775)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი ცისფერები - Lycaenidae



საკმაოდ იშვიათი პეპელაა. ფრთების შლილია 32-39 მმ. მამრის ფრთების ზედა მხარე ღია ცისფერია, ფუძესთან შემუქებული, ფრთის კიდეებზე შავი ზოლი გასდევს, ქვედა მხარე ოდნავ დაკბილულია. მდედრი ან ცისფრად არის შეფერილი, ან ყავისფრად, შემუქებული ფრთის კიდით. ქვედა ფრთა მკვეთრად დაკბილულია, ასეთივე დაკბილული, მუქი და ნათელი ზოლებით ფრთის კიდის გასწვრივ.
საქართველოში გვხვდება ფაქტიურად ყველგან, მთისწინებსა და მთებში, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. ფრენს ტყის პირებსა და გაშიშვლებულ კლდეებზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. იკვებება ყვავილებზე. ახასიათებს სწრაფი, მოფარფატე ფრენა. მატლი იკვებება გლერძას (Astragalus), ესპარცეტის (Onobryhis), ბეგქონდარას (Thimus), კურდღლისფრჩხილას (Lotus) და სხვა მცენარეთა ფოთლებით.
ცისფერა მელეაგერი მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. ენიჭება მოწყვლადის სტატუსი (VU - B2cii).

იისფერი ქსილოკოპა - Xylocopa violacea (Linnaeus, 1758)
რიგი სიფრიფანაფრთიანები - Hymenoptera
ოჯახი ანთოფორიდები - Anthophoridae



საკმაოდ დიდი ზომის მწერია. სხეულის სიგრძე 20-23 მმ-ია. სხეული შავადაა შეფერილი მეტალურ-იისფერი ბზინვარებით და დაფარულია გრძელი შავი „თმებით“. თავი ფართოა. ფრთები მუქია ლურჯ-იისფერი ბზინვარებითა და გარეთა ნათელი კიდით.
გავრცელებულია როგორც საქართველოში ასევე მთლიანად ევროპაში. ისინი ითვლებიან ევროპის ყველაზე დიდ ფუტკრებად. დამახასიათებელი ბიოტოპია ტყის მდელოები. ზრდასრული ინდივიდების ფრენა იწყება მაისში და დაახლოებით 3 თვე გრძელდება. მდედრი ბუდეს გამხმარ ხეებში იკეთებს. ყბებით ღრღნის მერქანს და აკეთებს გრძელ ჰორიზონტალურ გასასვლელს, რომელიც უხვევს და ვერტიკალურად გრძელდება. სავალში აკეთებს ერთმანეთზე მიჯრილ უჯრედებს, რომლებშიც დებს კვერცხებს. კვერცხებიდან გამოჩეკილი მატლები შემოდგომაზე ჭუპრდებიან, მათგან მალე გამოდიან ზრდასრული ქსილოკოპები, რომლებიც იზამთრებენ ბუდეში, გაზაფხულზე კი ბურღავენ მერქანს და გამოდიან გარეთ. იისფერი ქსილოკოპა პოლიფაგია - იკვებება მრავალი სახეობის მცენარის მტვრითა და ნექტარით. წარმოადგენს მცენარეთა მნიშვნელოვან დამამტვერიანებელს.
საკმაოდ იშვიათია მწერია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU - B2cii).

ღამის მცირე ფარშევანგთვალა - Eudia pavonia (Linnaeus, 1761)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი ფარშავანგთვალები - Saturniidae




ღამის პეპლების ტროპიკული წარმოშობის ოჯახის (Saturniidae) წარმომადგენელია. ფრთების შლილი 65-74 მმ-ია, საერთო ფონი მოყვითალო-ნაცრისფერი. ფრთების ცენტრში არსებულ მსხვილ თვალისებურ ლაქებს გააჩნიათ შავი არშია. ფრთებზე რამდენიმე ტალღისებრი ხაზია. სხეული მსხვილი და დაშვებულია. ულვაშები სავარცხლისებური.
სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ტყის მთელ ზოლში. რიცხობრივად შემცირებას განიცდის. საქართველოში საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ბინადრობს შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეში. ამჯობინებს ტყის ნაპირებსა და ღელეების ჯაგ-ეკლიან ხეობებს.
წელიწადში ერთ თაობას იძლევა. აქტიურია ღამით. ფრენს გაზაფხულზე, აპრილ-მაისში. არსებობს ორი ეკოლოგიური ფორმა: დაბლობის – რომლის კვერცხდება და მატლის კვება ძირითადად კვრინჩხზე მიმდინარეობს; და მთის – რომლის მატლები მოცვის სხვადასხვა სახეობაზე ცხოვრობენ. მატლის საკვებია აგრეთვე: ხეჭრელი (Frangula), მუხა (Querqus), არყი (Betula) და სხვა. დაჭუპრება ხდება მჭიდროდ ნაქსოვ ყავისფერ პარკში, იზამთრებს მატლი.
ღამის მცირე ფარშევანგთვალას მცირე ფრაგმენტირებული არეალი გააჩნია, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი სახეობა (VU – B2cii).

რომანოვის ცისფერა - Tomares romanovi (Christoph, 1882)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი ცისფერები - Lycaenidae


დღის პეპლების საკმაოდ იშვიათი, მცირე ზომის წარმომადგენელია. ფრთების შლილია 22-32 მმ, ფონი მურა-ყავისფერია. ზედა ფრთის შუა ზედაპირი და უკანა ფრთის გარეთა კიდე ალისფრადაა შეფერილი. ფრთების ქვედა მხარე მოვერცხლისფრო-ფირუზისფერია, აბრეშუმისებრი ანარეკლით. წინა ფრთებზე ნარინჯისფერი ნახატია, ქვედა ფრთის ლაქები შავ პუნქტირებშია ჩასმული.
სახეობას საკმაოდ მცირე არეალი გააჩნია. ძირითადად მოიცავს სამხრეთ კავკასიას. ბინადრობს მთისა და მთისწინების ქსეროფიტული მცენარეების დაჯგუფებებში. 2000 მ.ზ.დ. სიმაღლემდე. ასევე მშრალ ხეობებში და ქსეროფიტულ კალთებზე, სადაც დომინანტობს გლერძა (Astragalus). დაფრინავს აპრილიდან ივნისამდე, ზოგჯერ ივლისამდეც, ფრენა სწრაფია და მხტუნავი. მატლი იკვებება გლერძას ყვავილებით. იზამთრებს ჭუპრი.
რომანოვის ცისფერას გააჩნია მცირე არეალი. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU - B2cii).



ფრინველები:

ბექობის არწივი Aquila heliaca



სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 75-84 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 180-215 სმ.
დიდი ზომის, მოყავისფრო-მოშავო ფერის არწივია. მოყვითალო თხემი და კეფა კონტრასტულად ჩანს მუქ ყელთან. კუდი მოკლეა, რომელიც ფართო შავი არშიით ბოლოვდება, მასზე მრავალი მუქი ვიწრო ზოლია. მხრებზე პატარა თეთრი ლაქები შეინიშნება. ახალგაზრდა ფრინველები უფრო ღია ფერისანი არიან. ფრენისას ფრთებს ღრმად და მძიმედ იქნევს.
აქტიური მტაცებელია, რომლის ძირითად საკვებს მცირე და საშუალო ზომის ძუძუმწოვრები წარმოადგენს, იკვებება მძორითაც. საქართველოში ძირითადად ჭალებში ბინადრობს, სადაც ბუდეს მაღალ ხეებზე იკეთებს, თუმცა ზოგჯერ საბუდრად გაშლილ ადგილებზე არსებულ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძებსაც იყენებს.
საკმაოდ იშვიათი ფრინველია. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU). იგივე სტატუსით შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ტყის ბუ Strix aluco




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 37-39 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 94-104 სმ.
საშუალო ზომის ბუა, რომელსაც აქვს დიდი თავი და შავი თვალები. განარჩევენ შეფერილობის ორ ვარიანტს: რუხს და მოწითურო ყავისფერს. ფრინველს როგორც ჯდომის, ასევე ფრენის დროს მხრებსა და ფრთის მფარავებზე ემჩნევა თეთრი ზოლები. თავი მოკლებულია წაგრძელებული ბუმბულის კონებს, ე.წ. ყურებს. ბინადრობს შერეულ ან ფართოფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში. ბუდეს ხის ფუღუროში იკეთებს.
ძირითად საკვებს წარმოადგენს წვრილი მღრღნელები. საქართველოში მობინადრეა.





ჩია არწივი Hieraaetus pennatus



სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 45-50 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 110-132სმ.
მცირე ზომის არწივია. გვხვდება ორგვარი შეფერილობის: ღია და მუქი. ღიას ტანი და ფრთის მფარავები თეთრი აქვს, კუდი - რუხი, თავი და მკერდი კი - მოყავისფრო-მორუხო. მუქი ფორმა მოყავისფრო-მოშავოა. ქვემოდან თითქმის მთლიანად მუქი ჩანს, მხოლოდ კუდი და შიდა პირველი რიგის მომქნევებია ღია. ორივე შეფერილობის ფრინველებისთვის ფრთების ზედა მფარავებზე დამახასიათებელია თეთრი ზოლები, კუდის მფარავების ბოლოში კი ამავე შეფერილობის ბუმბულებს U-ს ფორმა აქვთ.
ჩია არწივი არასოდეს ჩერდება ჰაერში ერთ ადგილას. მსხვერპლს, რომელსაც ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები და ახალგაზრდა ფრინველები წარმოადგენენ, დიდი სიმაღლიდან თანდათანობით დაშვებისას ათვალიერებს და პიკირებით ესხმის თავს. ბინადრობს როგორც ფართოფოთლოვან, ისე წიწვიან ტყეებში, რომელთაც ღია, სანადიროდ გამოსადეგი ადგილები აკრავს გარს.

ჩვეულებრივი კირკიტა Falco tinnunculus


სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 33-39 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 65-80 სმ.
შავარდნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებულია. მამრს მორუხო-მონაცრისფრო თავი აქვს. ამავე ფერის კუდის ბოლოში ფართო შავი ზოლია, რომელიც ვიწრო, თეთრი არშიით ბოლოვდება. ფრთების გარე ნაწილი მურაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი და ზურგი - მოჟანგმიწისფრო-ქარცი, მრავალი მურა ფერის სამკუთხა ლაქებით. მდედრი ზემოდან, თავისა და კუდის ჩათვლით, მთლიანად მოჟანგმიწისფროა და უხვადაა დაზოლილი განივი, მურა ზოლებით. მამრისაგან განსხვავებით მდედრის კუდზე განივი ზოლები გააჩნია. ორივე სქესს ტანზე მრავალი ლაქა აქვს, რომლებიც გასწვრივ ზოლებს წარმოქმნიან.
ჩვეულებრივი კირკიტა ფრენისას ხშირად ჩერდება ჰაერში ერთ ადგილას და მსხვერპლს ათვალიერებს, რომელსაც ძირითადად მღრღნელები და მწერები წარმოადგენს.
ბინადრობს მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში. მისი ნახვა ხშირად შეიძლება ქალაქებშიც, სადაც მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე ბუდობს. საქართველოში მობუდარია.

წყრომი Otus scops




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 19-20 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 50-54 სმ.
პატარა ზომის ბუა, რომელსაც თავზე წაგრძელებული ბუმბულების ორი კონა, ე. წ. ყურები გააჩნია, თუმცა ისინი ზოგჯერ დაშვებულ მდგომარეობაში აქვს და ამ დროს თავი მომრგვალო ფორმას იძენს. შეფერილობა მორუხო მოყავისფროა და უამრავი წვრილი სხვადასხვა ტონალობის შტრიხებითაა მოხატული. თვალები ყვითელია.
წყრომი სწორხაზოვნად დაფრინავს. გამრავლების პერიოდში ღამით ხშირად ისმის მისი მონოტონური ხმა.
გავრცელებულია მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში. ხშირად გვხვდება ანთროპოგენულ ლანდშაფტში. ძირითად საკვებს მწერები წარმოადგენს. საქართველოში მობუდარია.



ფასკუნჯი Neophron percnopterus




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 158-163 სმ.
საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა. ზრდასრული ფრინველი თეთრია, შავი მომქნევი ბუმბულებით. ნისკარტი გრძელია და ვიწრო, კუდი რომბისებური. ყვითელი სახე მოკლებულია ბუმბულის საფარველს. ახალგაზრდა ფრინველი მოყვითალო-მორუხოა. ზრდასრულის შეფერილობას დაახლოებით 5 წელიწადში იღებს. ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლბწვეტიანი ფრთები აქვს.
ფასკუნჯი უმთავრესად მძორით იკვებება. იჭერს ქვეწარმავლებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში. ჩვენში მობუდარია.

ჩვეულებრივი კაკაჩა Buteo buteo




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 51-57 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 113-128 სმ.
საშუალო ზომის, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებული მტაცებელი ფრინველია. სახეობის შიგნით რამოდენიმე რასას გამოყოფენ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან შეფერილობითა და ზომით, რის გამოც იგი სხვა სახეობის კაკაჩებსა და მცირე ზომის არწივებში ერევათ ხოლმე (არწივებისაგან განსხვავებით, გალო მოკლებულია ბუმბულის სამოსელს). ყველაზე ხშირად ვხვდებით მუქ ყავისფერ ფრინველებს.
ფრენისას ჩვეულებრივ კაკაჩას ახასიათებს ფართე, მომრგვალო ფრთები, რომლებზეც პირველი რიგის მომქნევების არეში ქვემოდან თეთრი ლაქები ეტყობა, მონაცრისფრო კუდზე კი მუქი ფერის ზოლები აქვს. მიგრაციების დროს მრავალრიცხოვან გუნდებად იკრიბებიან. საბინადროდ მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატს იყენებს. ბუდეს ხეზე ან კლდეზე იკეთებს. საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გვხვდება.


შავარდენი Falco peregrinus




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 39-50 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 95-115 სმ.
დიდ შავარდნებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავე დროს საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ახასიათებს შედარებით მოკლე კუდი და ფართო, ბოლოში წაწვეტებული ფრთები. ზრდასრული ფრინველის შავი თავი და ორი ფართე შავი ზოლი კარგად ჩანს თეთრი ფერის ყელისა და ლოყების ფონზე. სხეულის ზედა ნაწილი მოლურჯო-რუხია. კუდზე შეინიშნება მუქი ზოლები, რომლებიც ბოლოსკენ ფართოვდება. სხეულის ქვედა ნაწილზე უამრავი შავი განივი ზოლია. მდედრი შავარდენი მამრზე შესამჩნევად დიდი და მუქი შეფერილობისაა. ახალგაზრდას სხეულის ზედა ნაწილი მუქი ყავისფერი აქვს, ქვედა - მოყვითალო-ბეჟი, მუქი ყავისფერი სიგრძივი ზოლებით.
შავარდენი ბინადრობს მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში, სადაც ბუდობისთვის ხელსაყრელი პირობებია.
საქართველოში მობუდარია. შეტანილის 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში მოწყვლადის სტატუსით (VU).

ზარნაშო Bubo bubo




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 60-75 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 160-188 სმ.
ზარნაშო ბუსნაირთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. სხვა ბუებისგან გამოირჩევა დიდი ზომითა და თავზე არსებული გრძელი ბუმბულების ორი კონით, ე.წ. ყურებით, რომლებიც სახის დისკოსთან ერთად სმენის ორგანოს ზედაპირს ზრდის. მშვიდ მდგომარეობაში ყურებს ზოგჯერ დაბლა უშვებს. მოყავისფრო-მოწითურო ბუმბულის საფარველი ზემოდან მუქი ხალებითაა მოხატული, ქვემოდან კი - შავი სიგრძივი წყვეტილი ზოლებით. აქვს დიდი, ნარინჯისფერი თვალები და ძალზე ძლიერი, შავი ბრჭყალები. მიუხედავად დიდი ზომისა, მაინც სწრაფად და უხმაუროდ დაფრინავს. ახასიათებს მოკლე კუდი და განიერი ფრთები. იგი აქტიურია ღამით.
ზარნაშო მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში ბინადრობს. ბუდობს მიწაზე, ან კლდეზე არსებულ ნიშებში. საქართველოში მობინადრეა.


ქვეწარმავალი: 

დალის ხვლიკი Darevskia dahli Dar.




დალის ხვლიკი მიეკუთვნება კლდის ხვლიკების ჯგუფს. ისინი დიდ დაჯგუფებებს ქმნიან და ერთეულებად არასოდეს გვხვდებიან. კლდეების, ქვების, კედლების ვერტიკალურ ზედაპირზე ზევით-ქვევით დარბიან, რაშიც ხელს უწყობს თათების თავისებური აგებულება და შებრტყელებული სხეული. გარდა ამისა, მხოლოდ კლდის ხვლიკებს შორის არიან სახეობები, რომლებიც მამრების გარეშე ე.ი. პართენოგენეზურად მრავლდებიან.
დალის ხვლიკის სხეულის სიგრზე 60 მმ-ს ოდნავ აჭარბებს. სხეული ზევიდან მოყავისფრო-მურაა, მწვანე ელფერის გარეშე. ზურგის გასწვრივ წვრილი მუქი ლაქები და წინწკლებია. სხეულის ქვედა მხარე მოყვითალოა, მუცლის კიდეებზე გააჩნიათ მოცისფრო ლაქები.
გავრცელებულია სომხეთსა და სამხრეთ საქართველოში, გვხვდება თბილისის მიდამოებში, თრიალეთის ქედის კალთებსა და მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ბინადრობს ხეობების მშრალ ფერდობებზე ზღვის დონიდან 900-1700 მ-ის ფარგლებში. ხშირად გვხვდება ტყით დაფარულ ნანგრევებში, ქვის ღობეებზე და შენობათა კედლებზე. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.
პართენოგენეზური სახეობაა, რომელთა ჯგუფებიც შედგება მხოლოდ მდედრებისაგან, რომლებიც არ ნაყოფიერდებიან. გვხვდება მხოლოდ  ერთეული მამრები. გამრავლების პერიოდი იწყება ივნისის ბოლოს და ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. საშუალოდ დებენ 2-5 კვერცხს. ახალი თაობა იჩეკება აგვისტოს შუა რიცხვებში - სექტემბრის ბოლოს.
დალის ხვლიკს საკმაოდ მცირე არელი გააჩნია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის სტატუსით (VU B1).

საყელოიანი ეირენისი Eirenis collaris Men.




მცირე ზომის გველია. მისი სხეულის სიგრზე 30 სმ-ს არ აღემატება. ზურგის მხრიდან მორუხო-მურა ფერისაა. კისერზე გააჩნიათ სწორი ბაცი არშიით შემოფარგლული მუქი ზოლი და წყვილი ხალი.
გავრცელებულია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ თურქეთში, ერაყსა და პალესტინაში.
ბინადრობს მშრალ, განსაკუთრებით ქვიან ადგილებში, ბუჩქებით დაფარულ ფერდობებზე. მიწის ზედაპირზე უფრო გაზაფხულის თვეებში გამოდის. იკვებება მწერებით, ჭიებით. მრავლდება კვერცხებით, რომლებსაც ივლისის ბოლოს დებს. მეტად უწყინარი გველია.
საყელოიანი ეირენისის არეალი საკმაოდ მცირე და ფრაგმენტირებულია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის სტატუსით (VU B2a).

დასავლური მახრჩობელა Eryx jaculus Eichw.




საკმაოდ მცირე ზომის გველია. სხეულის სიგრძე იშვიათადაა 70 სმ-ზე მეტი. დასავლური მახრჩობელა მოყვითალო-მურა შეფერილობისაა, ტანზე გასდევს მურა ან შავი განივი ლაქების ერთი ან ორი რიგი. გვერდებზე უფრო წვრილი ლაქები აქვს.
გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, პალესტინაში, სირიაში, ირანში, ერაყში, ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება ქვემო ქართლში, თბილისისა და შირაქის მიდამოებში.
ბინადრობს მშრალ, ქვიან ადგილებში, რომელიც დაფარულია ველის ან ნახევრად უდაბნოს მცენარეულობით. თავს აფარებს ქვების ქვეშ არსებულ სიცარიელეებს, მღრღნელების სოროებს. ზაფხულის სიცხეეების დადგომის შემდეგ, დასავლური მახრჩობელა ძირითადად ღამით ნადირობს. იკვებება მღრღნელებით, ხვლიკებით, მცირე ზომის ფრინველებით. მსხვერპლს ჯერ კბილებით იჭერს, შემდეგ რგოლებად ეხვევა და გუდავს, რის შემდეგაც ყლაპავს.
დასავლური მახრჩობელა ცოცხალმშობიარეა. მდედრი აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში შობს 20-მდე წიწილას. მშვიდი და უწყინარი გველია.
მეტად იშვიათი სახეობაა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც გლობალურად მოწყვლადი სახეობა (VU B2a).


კოხტა გველთავა Ophisops elegans Men.



დასახელება ამ ხვლიკმა მიიღო თვალების განსაკუთრებული აგებულების გამო: ქვედა ქუთუთო ზედასთანაა შეზრდილი, მისი შუა ნაწილი კი დიდ გამჭვირვალე რგოლს უკავია. მიუხედავად ამისა, შეზრდილ ქუთუთოებს მოძრაობის უნარი დაკარგული არა აქვთ.
კოხტა გველთავა მცირე ზომის ხვლიკია. სხეულის სიგრძე 60 მმ-მდეა. ხერხემალს გასდევს ყავისფერ-რუხი ზოლი, გვერდები შავია, კუდი კი მოცისფრო. ახალგაზრდა ფორმებს ზევიდან 4 მკვეთრი გასწვრივი ზოლი გასდევს.
გავრცელების არეალი საკმოდ ფართოა - დასავლეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და მცირე აზიიდან - აღმოსავლეთით პაკისტანამდე. გავრცელებულია ამიერკავკასიაშიც.
კოხტა გველთავა ბინადრობს ველისა და ნახევრად უდაბნოს რაიონებში, ნათელ ტყეებში, ეკლიან ქსეროფიტულ მცენარეებს შორის. სახლობს ღია უბნებზე, ქვიან ადგილებში. თავშესაფრად იყენებს ქვების ქვეშ სიცარიელეს და მღრღნელების სოროებს. გააჩნია გადაადგილების თავისებურება, რომლითაც განსხვავდება სხვა ხვლიკებისაგან: მდევარისაგან გაქცევისას დამალვას არ ჩქარობს, დიდხანს მირბის მიწის ზედაპირზე, ყოველ შემხვდურ ქვაზე აირბენს და მეორე მხრიდან ხტება. ზოგჯერ, სწრაფი სირბილის დროს, შეუძლია გაირბინოს მცირე მანძილი მხოლოდ კუდსა და უკანა ფეხებზე დაყრდნობით.
ძირითადად იკვებება წვრილი მწერებითა და ობობებით. გამრავლების პერიოდი გრძელდება ივნისიდან აგვისტომდე. ერთ სეზონზე ორჯერ ან სამჯერ დებს კვერცხებს 5-6 ცალის რაოდენობით.
შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის სტატუსით (VU D2).


ხმელთაშუაზღვეთის კუ Testudo graeca L.



ხმელთაშუაზღვეთის კუს ჯავშნის სიგრძე 29 სმ-ს აღწევს. ღია-წენგოსფერ ან მოყვითალო-მურა ფონზე განლაგებული აქვს შავი ლაქები.
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიასა და ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება შიდა და ქვემო ქართლში, ივრის ზეგანზე, ალაზნის ველზე.
ხმელთაშუაზღვეთის კუ საბინადროდ ირჩევს ბუჩქნარით და მეჩხერი ტყით დაფარულ მშრალ ველებსა და მთის ფერდობებს, დაბლობების ნათელ ტყეებს და მდელოებს. ძირითადად იკვებება ბალახეული მცენარეულობით, მაგრამ შეიძლება შეჭამოს მოლუსკები, მწერები, ჭიები.
გამრავლების პერიოდი იწყება მაისიდან. ზაფხულის სეზონში ერთ ჯერზე დებს 2-8 ცალ კვერცხს. ახალგაზრდა კუები, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირზე გამოდიან მომდევნო წლის გაზაფხულზე, ხოლო სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 11-13 წლის ასაკისათვის. ხმელთაშუაზღვეთის კუ მეტად ნელა იზრდება.
დღეისათვის ამ რეპტილიის რიცხვი მკვეთრადაა შემცირებული. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის (VU A1cd) სტატუსით, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში ანალოგიური სტატუსით.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
  
 
 




Комментариев нет:

Отправить комментарий